ვინ ვარ მე?

გამარჯობა,

მე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო - დათო ყვირილიანი ვარ. 1981 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში დავიბადე. ერთი წლის ასაკში ორივე თვალში, თვალის წნევა ანუ გლაუკომა აღმომაჩნდა. მშობლებმა ქ. კუიბიშევის სპეციალიზირებულ კლინიკაში წამიყვანეს, სადაც 6 თვიანი სამკურნალო კურსი ჩამიტარდა. მკურნალობის შედეგად თვალებზე ოპერაცია გამიკეთდა. შემდგომ ოდესაში, მოსკოვში და ბოლოს სოხუმში მკურნალობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 8 წლის ვიყავი, როდესაც ორივე თვალის ამპუტაცია უკვე გაკეთებული მქონდა. ასე, საბოლოოდ დავკარგე თვალის ჩინი.

9 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებლა თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში შემიყვანეს. მალე აფხაზეთის ომი დაიწყო და მეც, როგორც სხვა უამრავი ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილი გავხდი. სამწუხაროდ, მამა აფხაზეთის ომს შეეწირა. მისი საფლავის ადგილმდებარეობის პოვნას დღემდე უშედეგოდ ვცდილობთ.

მე, ძმასთან და ძმის ოჯახთან ერთად ერთად ვცხოვრობ. ეს სახელმწიფოს მიერ დევნილებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი სახლია, რომელიც თბილისის ზღვაზე, კადეტთა ყოფილ კორპუსში მდებარეობს. როდესაც აქ დავსახლდით, მაშინ დედაც ცოცხალი იყო.

მე, პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. ამის მიუხედავად, 2003 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ჩავირიცხე. 2008 წლის 3 ოქტომბერს  სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მომანიჭეს. დღეისათვის მაქვს სამსხური - მე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის აფხაზეთის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე ვარ, ჩემი ხელფასი კი 156 ლარს შეადგენს.