23.10.10

წარმატება მისურვეთ!

მყინვარწვერის დალაშქვრა 23 ოქტომბერს, დილის 7 საათზე დაიწყო.
მზად ვარ სირთულეების გადასალახად. თუმცა, 10 დღის განმავლობაში შესაძლებელია კიდევ ბევრი რამ მოხდეს. ჩემს გარშემო ძალიან კარგი ჯგუფი შეიკრიბა, მათთან ერთად უფრო ძლიერი ვარ.
წარმატება მისურვეთ!
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!

12.10.10

Omnis homo unus est

მხოლოდ დანახვა არაფერია თუ არ იგრძენი და გაიაზრე. უსინათლოები კი სწორედ იმით არიან შეზღუდულნი, რომ ვერ ხედავენ. უსინათლო პირი, რომელიც მყინვარწვერს იპყრობს - სხვადასხვა ასპექტში განხილვადი საკითხია. აქედან გამომდინარე, მსურს უფრო დეტალურად განვმარტო რატომ და რისთვის ვაპირებ მყინვარწვერის დალაშქვრას.
პირველ რიგში, შეზღუდული შესაძლებლობების პირებს მსურს ვუთხრა, რომ არასოდეს დანებდნენ. თუ მოინდომებ, სურვილებს მიზნად დაისახავ და საკუთარი თავის რწმენას არ დაკარგავ ყველაფერია შესაძლებელი. ამავდროულად, მსურს დავანგრიო საზოგადოებაში არსებული უსინათლო ადამიანის სტერეოტიპი. მართალია, ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ვართ, მაგრამ მზად ვართ სირთულეების გადასალახად. ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოებრივი აზრის შეცვლა მინდა. ხალხი სიღრმისეულად უნდა ჩაწვდეს ჩვენს არსს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხომ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.
რაც შეეხება ჩემს მეს - ის ბავშვობიდან მთაზეა შეყვარებული. ბუნება სიმშვიდეს და სიამოვნების განცდას მანიჭებს. მყინვარწვერზე მსვლელობა კი საკუთარი თავის გამოცდაა. ჩემი მკაცრი და რთული ცხოვრების წესი მაიმედებს. მხარდაჭერას მეგობრებისაგან ვგრძნობ. ასევე, ყველა იმ ადამიანისგან, რომელიც მგულშემატკივრობს. სტიმული რთულმა ცხოვრებამ მომცა, რომელიც მკარნახობს - შენი თავი შენ თვითონვე უნდა გააძლიერო.
მსურს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები თანდათან გაქრეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ კი სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, ჩვენი სოციალური ინტეგრაცია ჯანსაღ და რეალურ წარმოდგენას შექმნის ჩვენივე შესაძლებლობების შესახებ.
ვინც კარგად იცნობს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს აღიარებს, რომ ჩვენ ჩვეულებრივ განვიცდით სირთულეებსა და სიმსუბუქეს. ხშირად ე.წ. ნორმალურებზე უკეთაც კი შეგვიძლია ცხოვრების სირთულეების დაძლევა. პრობლემა ე.წ. შეფერხებულ ადამიანში როდია. როგორც ერთ-ერთმა შეზღუდული შესაძლებლობების პირმა თქვა, “პრობლემა ის კი არაა, მე როგორ გამოვიყურები. პრობლემა ისაა, შენ როგორ მიყურებ მე.”